თბილისი. 3-4 მაისს ომბუდსმენი ქვემო ქართლში, დმანისისა და გარდაბანის მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობას, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა.
„დმანისის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი უსახლკარო პირთათვის სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფაა. სახალხო დამცველმა მოინახულა დმანისის ყოფილი საავადმყოფოს შენობაში, მძიმე პირობებში, თვითნებურად შესახლებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მის ხელთ არსებული რესურსებით ეხმარება იქ მცხოვრებ ოჯახებს, აუცილებელია ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მონაწილეობით სოციალური საცხოვრისისათვის სათანადო შენობის გამოყოფა, რაც პრობლემის გრძელვადიანი გადაჭრის გზა იქნება", ნათქვამია სახალხო დამცველის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.ombudsman.ge