თბილისი. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა პროკურატურას მოუწოდებს შოთა პაკელიანს მის მიმართ განხორციელებულ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში დაუყოვნებლივ მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი.
„საგანგაშოა ის გარემოებაც, რომ GDI-ის არაერთი მიმართვის მიუხედავად, პროკურატურას შოთა პაკელიანი დღემდე დაზარალებულად არ უცვნია. ეს მაშინ, როდესაც პროკურატურაში ადასტურებენ, რომ მედიაში გავრცელებული კადრები წინამდებარე გამოძიების ფარგლებში მათაც აქვთ გამოთხოვილი და ეს მასალები უკვე დიდი ხანია დევს სისხლის სამართლის საქმეში. გავრცელებულ კადრებში ასახული ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს პირის დაზარალებულად ცნობის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს. აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმეში მსხვერპლის დაზარალებულად ცნობისთვის თავის არიდება კარგად დამკვიდრებულ მავნე პრაქტიკად არის ქცეული", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: gdi.ge