თბილისი. 2017 წლის მაისის ბოლოს, ორგანიზაციამ „ადამიანი გაჭირვებაში", მისმა პარტნიორმა „ელკანა" და ცოცხალ ორგანიზმთა შემსწავლელ მეცნიერებათა ჩეხეთის უნივერსიტეტმა ერთობლივად წარადგინეს ღვინის მწარმოებელი სამი კოოპერატივი იმერეთისა და რაჭის რეგიონებიდან პრაღის ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე – „Wine Prague 2017". აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს ღვინის ყველაზე მასშტაბურ გამოფენას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ფესტივალი არის საუკეთესო პლატფორმა სხვადასხვა ბრენდის ღვინის რეკლამირებისა და მევენახეობაში ჩართულ აქტორებს შორის პროფესიული კავშირების დამყარებისთვის.
გამოფენის მსვლელობისას, პროფესიონალმა დეგუსტატორებმა, მოვაჭრეებმა და სხვა მონაწილეებმა დააგემოვნეს 5 სახეობის ქართული ღვინო: „ოცხანურის საფერე", „ციცქა", „ალექსანდროული", „ციცქა-ოცხანური", „ალადასტური".
ქართულმა ღვინომ დაიმსახურა ფესტივალზე დამსწრეთა გამორჩეული მოწონება იმ სპეციფიური არომატისა და გემოს გამო, რომელსაც მას სძენს ქვევრში დაყენების ტექნოლოგია – ეს არის ღვინის დაყენების ძველი ქართული მეთოდი, მიწაში ჩაფლული თიხის ჭურჭლის გამოყენებით.
საქართველოში, მევენახეობის განვითარებაში, გადამწყვეტ როლს თამაშობს ევროკავშირის მხარდაჭერა. ENPARD-ის პროგრამა ითვალისწინებს არა მხოლოდ გრანტების გამოყოფას მცირე ფერმერებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის ინვენტარის შესაძენად, არამედ მათთვის სხვადასხვა ტექნოლოგიური და მარკეტინგული მხარდაჭერის გაწევას. შედეგად, იზრდება მცირე მეწარმეთა კონკურენტუნარიანობა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
წყარო: ევროკავშირი საქართველოსთვის ENPARD-ის ვებგვერდი