თბილისი. 2017 წლის 30 ივნისს, ლიმერიკის უნივერსიტეტმა, ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამით მხარდაჭერილი პროექტის - „სოფლის მეურნეობის საგანმანათლებლო და კვლევითი ორგანიზაციების ინსტიტუციონალური გაძლიერება" ფარგლებში, თბილისში დასკნითი კონფერენცია გამართა და პროექტის კვლევითი საქმიანობის შედეეგები წარადგინა.
პროექტს ლიმერიკის უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან და სოფლისა და სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა და განვითარების ინსტიტუტთან (RAPDI) პარტნიორობით, 2015 წლიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში განხორციელდა სასოფლო-სამეურნეო სექტორთან დაკავშირებული სხვადასხვა კვლევები. ასევე, ჩატარდა სემინარები და ტრენინგები. ღონისძიებაზე შედგა კვლევების პრეზენტაცია და განხილვა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაციების, ფერმერული ასიციაციების წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები.
პროექტი „სოფლის მეურნეობის საგანმანათლებლო და კვლევითი ორგანიზაციების ინსტიტუციონალური გაძლიერება" ხორციელდება ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის დაფინანსებით. იგი მიზნად ისახავს, გააძლიეროს სასოფლო საქმიანობასა და სოფლის მეურნეობაში ჩართული სამოქალაქო საზოგადოება; საქართველოს სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტს ხელი შეუწყოს მოკლე პრაქტიკული კურსების დანერგვაში; აგრარული სექტორის ოპერატორებს გააცნოს დაგეგმილი და განხორციელებული რეფორმები, მათ შორის, რა სარეგულაციო ცვლილებები იგეგმება ან გატარდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასა და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შედეგად.
ევროკავშირი ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) დახმარებით. 2013-2019 წლებისათვის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ბიუჯეტი საქართველოში 102 მილიონ ევროს შეადგენს.
წყარო: ENPARD-ის ვებგვერდი