სამეგრელო. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ბავშვთა საკითხების გაშუქების შესახებ ტრენინგი სამეგრელოში ბაზირებული ონლაინგამოცემა livepress.ge-დან დაიწყო. ქარტიის ტრენერი, ზვიად ქორიძე 4 დღის განმავლობაში რედაქციაში მუშაობდა, ბავშვებთან დაკავშირებული სიღრმისეული მასალების მომზადების თაობაზე.
Livepress.ge-ის გარდა, კონკურსის წესით, შეირჩა კიდევ სამი მედიასაშუალება: ტელეკომპანია პირველი, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია და ტელეკომპანია გურჯაანი. ქარტიის ტრენერები ზვიად ქორიძე და ნინო ჯაფიაშვილი უახლოეს პერიოდში მათაც ეწვევიან.
ამავე ფორმატში ტრენინგი უკვე გაიმართა პანკისის სათემო რადიოშიც.
რედაქციებში მუშაობა ნაწილია იმ პროექტისა, რომლის ფარგლებში, ასევე, ტარდება მედიამონიტორინგი ბავშვთა საკითხების გაშუქებისას წარმოშობილი პრობლემების იდენტიფიცირებისთვის, გაიმართა შეხვედრები მოსწავლეებთანაც და ჩატარდა დისკუსია საბავშვო გადაცემების და არხების შესახებ.
წყარო: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ვებგვერდი