გურია. 26 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, გურიის ახალგაზრდულმა რესუსრცენტრმა ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამის (ACCESS) საზაფხულო სკოლას უმასპინძლა.
სიახლეებით, სახალისო ღონისძიებებითა და მრავალფეროვანი შემეცნებითი სავარჯიშოებით დატვირთულ 5-დღიან მეცადინეობებში მონაწილეობა 25-მა მოზარდმა მიიღო. ინგლისური ენის შესწავლის პარალელურად, მოსწავლეებმა, უცხოელი და ქართველი პედაგოგების დახმარებით, ლიდერობისა და აქტიური მოქალაქეობის უნარ-ჩვევები განივითარეს. ამასთან, მტირალას ეროვნულ პარკში მათთვის შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო.
ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამა (ACCESS) მიზნად ისახავს, ხელმისაწვდომი გახადოს ინგლისური ენის შესწავლა მოზარდებისთვის. პროგრამა განკუთვნილია 14-16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალურად დაუცველი და შეჭირვებული ოჯახებიდან და, ამ დროისთვის, ხორციელდება საქართველოს თერთმეტ ქალაქში: ფოთში, ოზურგეთში, ამბროლაურში, თელავში, ბათუმში, მესტიაში, გორში, გარდაბანში, ზუგდიდში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში.
პროგამას ახორციელებს PH International, საქართველოში ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორია ოზურგეთში.
წყარო: გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის ოფიციალური ფეისბუქგვერდი