სამეგრელო. ეროვნული თვითმმართველობის ასოციაციამ აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, 18 თებერვალს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოციალურ – ეკონომიკური განვითარების გეგმის დოკუმენტის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დოკუმენტის მიხედვით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტებია ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოწყობა, ქალაქის წყალმომარაგება, სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარება, ასევე მყარი ნარჩენების მართვა. პროგრამის – „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში" – კოორდინატორმა სამეგრელოში ვახტანგ ჯავახაძემ განაცხადა, რომ მიმდინარე კვირის ბოლოს, ზუგდიდის საკრებულოში წარდგენილი იქნება ზუგდიდის განვითარების გეგმის პროექტი განსახილველად, განხილვის პროცესში, ზუგდიდში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს დოკუმენტში შენიშვნების შეტანა შეუძლიათ.