გურია. 23-26 ივლისს გურიაში გაიმართა მასშტაბური ღონისძიება - გურიის ტურიზმის ფესტივალი და მულტიაქტორული სამუშაო შეხვედრები, რეგიონში ტურიზმის განვითარების სტრატეგიის შესაქმნელად.
23 ივლისს ლანჩხუთში, ჩოხატაურსა და ოზურგეთში გაიმართა გურიის ტურისტული ფესტივალი მრავალფეროვანი პროგრამით. მოეწყო ადგილობრივი მხატვრების გამოფენა, მეწარმეებმა თავიანთი პროდუქცია წარუდგინეს დამთვალიერებლებს, გაიმართა გურიის ტურისტული მარშრუტის მობაილაპლიკაციის პრეზენტაცია. სამივე მუნიციპალიტეტში მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხეები. დამთვალიერებლებსა და სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ეჯირითათ ცხენებით, ეხილათ ბაზიერები, საჩუქრად მიეღოთ ტურისტული რუკა, დაეთვალიერებინათ ხალხური რეწვის ნიმუშები და რა თქმა უნდა, მოესმინათ უნიკალური, მრავალხმიანი გურული სიმღერები...
ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები, ისე ოზურგეთში მყოფი ტურისტები, სფეროს ექსპერტები, ევროკავშირისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
გურიის ტურისტული ფესტივალის მონაწილეებს მიმართეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნანა თავდუმაძემ. მათ გურიის ტურიზმის განვითარების პროექტის მნიშვნელობაზე, ტურიზმის სტრატეგიასა და გურიის ტურისტულ პოტენციალზე გაამახვილეს ყურადღება.
ევროკავშირის წარმომადგენლის, დომინიკა სკუბიდას თქმით, ევროკავშირი ეხმარება გურიის ოთხ მუნიციპალიტეტს (ოზურგეთის, ლანჩხუთი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები, ოზურგეთის მერია) და ორ არასამთავრობო ორგანიზაციას (სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი) მონაწილეობის პრინციპით შექმნან გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგია ხალხის ჩართულობით, რათა გურიის მოსახლეობამ მიიღოს მეტი სარგებელი იმ ბუნებრივი რესურსებით, რომელიც აქვთ.
ფესტივალის შემდგომ 24, 25 და 26 ივლისს ქ. ოზურგეთში, კოლეჯ „ჰორიზონტის" შენობაში გაიმართა CHARRETTE Studio-ს ღონისძიება (მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის შარეტის ეროვნულ ინსტიტუტში - National Chrrette Institute, NCI - შემუშავებული მონაწილეობითი მეთოდოლოგია), სადაც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების, ექსპერტების, მოქალაქეებისა და ტურიზმის სფეროთი დაინტერესებული სხვა აქტორების მონაწილეობით, გაიმართა გურიის რეგიონში ტურიზმის განვითარების პერსპექტივების ფართომასშტაბიანი განხილვა. პლენარული სესიებისა და თემატური ჯგუფების შემდგომ, დამსწრე საზოგადოებამ ერთობლივად განსაზღვრა გურიის ტურიზმის სტრატეგიის პრიორიტეტები.
ეს 4-დღიანი ღონისძიება გურიაში გაიმართა პროექტის - „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის" - ფარგლებში, რომელსაც ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები, ქ. ოზურგეთის მერია, საზოგადოებრივი ორგანიზაციები - ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი, სამოქალაქოსა ზოგადოების ინსტიტუტი, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ.
პროექტისმიზანია, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, მოქალაქეებისა და ტურისტული სფეროთი დაინტერესებული აქტორების ერთობლივი ძალისხმევით, გურიაში ტურიზმის მდგრადი და ყოვლისმომცველი განვითარების ხელშეწყობა.
წყარო: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის გვერდი სოციალურ ქსელში