თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა -
საქართველო" აგრძელებს საჯარო სამსახურებში საკადრო პოლიტიკის საკითხების კვლევას
და ლენტეხის მუნიციპალიტეტში მომხდარ ფაქტს ეხმიანება. ორგანიზაციის მიერ 22
თებერვალს გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 2013 წლის 13 თებერვალს
ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ლიპარტელიანმა, რომელიც გამგებლად
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ფრაქცია „ქართული ოცნების" წარდგინებით
აირჩია, გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის გამგეობის საკადრო
ცვლილებების აუცილებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 13 თებერვლიდან
სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუწყდა გამგეობის ტერიტორიული ერთეულის ყველა
რწმუნებულს. „მიგვაჩნია, რომ ეს ბრძანება გარკვეული მიზეზების გამო არის უკანონო
და ეხმიანება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საჯარო სამსახურში (განსაკუთრებით,
ადგილობრივ დონეზე) მიმდინარე მანკიერი საკადრო პოლიტიკის ტენდენციას", ნათქვამია
ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში