თბილისი. 28 სექტემბერს გაიმართა ეროვნული ფორუმი: „საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსება", რომელსაც ესწრებოდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო, დონორი და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო ექსპერტები.
ფორუმის მიზანი იყო საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების არსებული მდგომარეობის შეფასება, საერთაშორისო გამოცდილების, ტენდენციების მიმოხილვა და, ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, სახელმწიფო დაფინანსების მოდელის შექმნა საქართველოსთვის. ფორუმი ორგანიზებული იყო სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ, ევროკავშირის პროექტის, »სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა», ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი, კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელოით.
„საქართველოს განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორი", - განაცხადა შეხვედრაზე ევროკომისიის პროექტების განყოფილების უფროსმა ვინსენტ რეიმ. მისი თქმით, სექტორი საკმაოდ ძლიერია საქართველოში. „მოხარული ვართ, რომ ხელისუფლება და საზოგადოებრივი სექტორი სახელმწიფო დაფინანსების კუთხით იწყებს მუშაობას", - დასძინა ვინსენტ რეიმ.
საზოგადოებრივი სექტორის მდგრადობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. იუსტიციის მინისტრის მოადგილის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, მათ საზოგადოების განვითარების საქმეში წვლილი შეაქვთ და ამის თვალსაჩინო მაგალითები არსებობს და მომავალშიც, საზოგადოებრივი ორგანიზაციების კონტრიბუცია საზოგადოების განვითარებაში მნიშვნელოვანია. სექტორის როლზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ, გოგი ფაცაციამ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამაზ მარსაგიშვილმა კი აღნიშნა, რომ სექტორის დაფინანსების მდგრადი სისტემა უნდა არსებობდეს, რათა ისინი მხოლოდ ფონდებზე არ იყვნენ ფინანსურად დამოკიდებული. „90–იან წლებში კრიტიკა ისმოდა საზოგადოებრივი სექტორის სახელმწიფო დაფინანსების საკითხზე, დღეს სურათი შეცვლილია", - აღნიშნა ფორუმზე კონრად ადენაუერის ფონდის პროექტის –„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" – მენეჯერმა დავით აფრასიძემ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საკითხის განხილვა ინკლუზიურად და ყველა მხარის ჩართულობით მიმდინარეობს.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის დირექტორის, ვაჟა სალამაძის თქმით, სახელმწიფო დაფინანსების კუთხით, წინა წლებთან შედარებით, სურათი შეცვლილია, თუმცა, იგი გაფანტულია და საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაფინანსების 95% დონორი ორგანიზაციებისგან მოდის. „ქართული წყაროების გაჩენა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა დისკუსია, უნდა იღებდეს თუ არა სექტორი სახელმწიფო დაფინანსებას, დღესაც გრძელდება. არის მთელი რიგი სფეროები, სადაც სახელმწიფო როგორც დონორი კარგად მუშაობს, მაგალითად სოციალური მიმართულება. ასეთივე პოტენციალი არის სხვა მიმართულებითაც", - განაცხადა ვაჟა სალამაძემ.
საერთაშორისო ექსპერტმა, ლუბენ პანოვმა სხვადასხვა ქვეყნაში არსებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების მოდელებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საზოგადოებრივ სექტორში სახელმწიფოს ინვესტიცია – არის ქვეყნის ინვესტიცია.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, ფორუმზე წარადგინა კვლევა, რომელიც, ერთი მხრივ, მოიცავს საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების მექანიზმების საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას და, მეორე მხრივ, დეტალურ კვლევას საქართველოში არსებული მექანიზმების შესახებ.
ფორუმის მონაწილეებმა მულტიაქტორულ ჯგუფებში გაგრძელეს მუშაობა. გამოთქმული მოსაზრებები, რეკომენდაციები და ტენდენციები, კვლევის შედეგები გამოყენებული იქნება ქართული მოდელის შექმნისთვის.
ფორუმი გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ «სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის» პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი, კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი.