კახეთი. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ასოციაცია" ლაგოდეხის მუნიციპლიტეტში საჯარო სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე საგზაო ნიშნების და შუქნიშნების დადგმას ითხოვს.
სწორედ ამ საკითხზე გაიმართა დისკუსია, „სამოქალაქო განვითარების ასოციაციის" ოფისში, რომელსაც პედაგოგები, საჯარო სკოლების მოსწავლეები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა ცენტრალურ საავტობილო მაგისტრალზე არსებულ საჯარო სკოლებთან რადგან ამ ტერიტორიაზე მოსწავლეთა თავისუფლად გადაადგილება საფრთხის ქვეშ დგას. 2012 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით გასულ წელს აღნიშნული პრობლემის მოუგვარებლობის გამო ლაგოდეხში 9 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 5 – არასრულწლოვანი", – განაცხადა „სამოქალაქო განვითარების ასოციაციის" წარმომადგენელმა გიორგი ბოკერიამ.
მისივე თქმით, ორგანიზაცია პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საგზაო დეპარტამენტს მიმართავს.