თბილისი. 11 იანვარს, 19:00 საათზე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და თეთრი ხმაურის მოძრაობა კანცელარიასთან პანკისის სოლიდარობის აქციას გამართავენ.
„წლების განმავლობაში პანკისის ხეობა სახელმწიფოსთვის საგანგებო მდგომარეობის სივრცედ გადაიქცა და ჩვენს პანკისელ თანამოქალაქეებს მუდმივი საფრთხის, ზეწოლის და უპერსპექტივობის პირობებში უწევთ ცხოვრება. პანკისის ხეობაში მცხოვრები ადამიანების პოლიტიკური და სოციალური გარიყულობის დაძლევისთვის აუცილებელი სისტემური სოციალური ცვლილებების ნაცვლად, სახელმწიფო არსებითად მხოლოდ რეპრესიულ და სადამსჯელო ინსტრუმენტებს იყენებს.
მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და მოქალაქეებს შეუქმნას ღირსეული ცხოვრების პოლიტიკური და სოციალური პირობები და შესაძლებლობები. მხოლოდ რეპრესირებაზე დაფუძნებული უსაფრთხოების პოლიტიკა კონტრპროდუქტიულია და ის კიდევ უფრო აღრმავებს უნდობლობასა და გაუცხოებას”, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში