აჭარა. კულტურული მემკვიდრეობის დამცველების სახელით, ორგანიზაცია „ბათომი" ლაშა კომახიძეს მიმართავს.
„საზოგადოება თხოვს ქალაქის მერს სასწრაფოდ დამტკიცდეს ძველი ბათუმის ისტორიული დაცვის ზონა შესაბამისი რეგულაციებით და შეწყდეს ძველი ქალაქის ნაწილში ძველი ბათუმის ურბანული ქსოვილის რღვევა.
2018 წელს, თქვენი მერად არჩევის შემდეგ, ძველი ბათუმის ისტორიული განაშენიანების ზონაში ისტორიული სახლების დემონტაჟი ინტენსიურად მიმდინარეობს. ეს გვაფიქრებინებს, რომ თქვენი დაპირება ძველი ბათუმის დაცვისა და შენარჩუნების შესახებ, არ ან ვერ იქნა აღქმული შესაბამისად იმ საბჭოს მიერ, რომელიც დაკომპლექტებულია მერიის და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებით.
ამასთან, რჩება შთაბეჭდილება, რომ ქალაქის მმართველობა ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული, როგორ აპირებს ისტორიული გარემოს შენარჩუნებას. ისტორიული შენობების ნგრევისას მერია თავს იმართლებს, ნაცვლად იმისა, რომ გააკრიტიკოს საბჭოს გადაწყვეტილება და დააანონსოს ქმედითი ნაბიჯები აქამდე გაცემული ნებართვების შესწავლის შესახებ.
სადავო არ არის, რომ ურბანულ კრიზისამდე მიყვანილ მდგომარეობას ამძიმებს ნებისმიერი დანგრეული შენობა, რომელიც პირდაპირპროპორციულია ძველი ქალაქის ფასეულობებისა და თვითმყოფადობის განადგურების.
ორგანიზაცია „ბათომის" და ისტორიული ქალაქის დამცველებისთვის უცნობია კიდევ რამდენი ისტორიული სახლის დანგრევის „კანონიერი" ნებართვაა გაცემული თქვენ მერობამდე.
დანგრეული სახლების თაობაზე რამდენჯერმე ახსენეთ, რომ ამ სახლების დანგრევის ნებართვა თქვენი მერობის პერიოდში არ გაცემულა, თუმცა თქვენ ხართ მემკვიდრე ბათუმის მერიის ყველა გადაწყვეტილების და გაქვთ ქალაქისა და მოქალაქეების ღირებულებების დაცვის ვალდებულება", ნათქვამია წერილში.
წყარო: ajaratv.ge