თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მეცხრე მოწვევის პარლამენტის მიერ ქალთა უფლებრივ გაძლიერებაზე განხილული კანონპროექტების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
„პარლამენტში მიმდინარეობს ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა, მათ შორის გენდერული კვოტირების შემოღებისა და სექსუალური შევიწროების აკრძალვის თაობაზე. საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილზე მუშაობა მიმდინარეობს გენდერული თანასწორობის საბჭოს ფორმატში.
მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილ საკითხებზე მსჯელობა არ გაჭიანურდეს და დროულად მოხდეს შესაბამისი ცვლილებების მიღება. ვიმედოვნებთ, პარლამენტში ფართო მხარდაჭერა ექნება გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის, ქალთა უფლებრივი (მათ შორის პოლიტიკური უფლებების) გაძლიერების მიმართულებით წარდგენილ ინიციატივებს.
პარლამენტში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილი კანონპროექტების ინიციატორები უმეტესად ქალები არიან, იგივე ტენდენცია იყო მე-8 მოწვევის პარლამენტშიც რაც გასათვალისწინებელი ფაქტორია ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის აქტუალობაზე მსჯელობისას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.transparency.ge