თბილისი. 14 ივნისს საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ახალგაზრდა ადვოკატებმა" პრესკონფერენცია გამართა. ორგანიზაციის წარმომადგენლები 2012 წლის ზაფხულის არდადეგებზე სტუდენტური დასაქმების "Summer Job” ერთთვიან პროგრამაში მონაწილე სტუდენტებთან გაფორმებული ხელშეკრულების განსაჯაროებას ითხოვენ. ორგანიზაციაში ეჭვობენ, რომ პროგრამაში მონაწილე სტუდენტებისთვის სავალდებულო იქნება იმ საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობა, რომელსაც ორგანიზებას პოლიტიკური პარტიები გაუწევენ. პრესკონფერენციაზე ასევე, ყურადღება გამახვილდა ბიუჯეტიდან დედაქალაქის რამდენიმე სკოლისთვის გადარიცხულ თანხებზე, რომლებიც პედაგოგების ხელფასის დანამატში აისახა. ორგანიზაცია გეგმავს მიმართოს აღნიშნული სკოლების დირექციას.
მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი ზემოთხსენებული ფაქტი დადასტურებული არ არის, ორგანიზაციის მესვეურები თვლიან, რომ ეს საკმარისი ინფორმაციაა იმისთვის, რომ მათ მოითხოვონ ოფიციალური უწყებებიდან პასუხი და რეაგირება. ამიტომაც, „ახალგაზრდა ადვოკატები" წერილობით მიმართავს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს, საქართელოს კონტროლის პალატას და საქართელოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.