აჭარა. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბათუმის ისტორიული განაშენიანებისა და განაშენიანების რეგულირების დაცვის ზონების დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა.
„შეხვედრა ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის ინიციატივით შედგა. დოკუმენტის პრეზენტაცია მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მირიან მეტრეველმა წარადგინა. დოკუმენტის მიღებისა და კონსერვაციის გეგმების მნიშვნელობაზე, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით ევროპული ქალაქების გამოცდილებაზე ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაცია „ტფილისის ჰამქარის" წევრმა, ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელმა, რომელიც სპეციალურად დღევანდელი შეხვედრისთვის ჩამოვიდა თბილისიდან. დოკუმენტი განსაზღვრავს ქალაქის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონებსა და საზღვრებს, ასევე იმ შეზღუდვებს, რომლებიც ისტორიული ზონების დაცვის არეალზე ვრცელდება. აღნიშნული დოკუმენტი დასამტკიცებლად უკვე გადაგზავნილია საკრებულოსთვის. დოკუმენტის საჯარო განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა", ნათქვამია ბათუმის მერიის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: მერიის ვებგვერდი სოციალურ ქსელში