თბილისი. „პარტიებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო დაფინანსების განაწილების წესი კვლავ გაუარესდა", - ასეთ დასკვნას აკეთებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და, საკითხთან დაკავშირებით, შესაბამის განცხადებას ავრცელებენ.
„18 აპრილს საქართველოს პარლამენტმა 77 ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღო „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონის ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც პარტიას კვალიფიციურის სტატუსი მიენიჭება და შესაბამისად მიიღებს საბიუჯეტო დაფინანსებას თუ მის მიერ წარდგენილი მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრ(ებ)ი შექმნის საპარლამენტო ფრაქციას, მიუხედავად იმისა გადალახავს თუ არა ეს პარტია არჩევნებში 3%-იან ზღვარს. მიგვაჩნია, რომ ეს ცვლილება ყოვლად გაუმართლებელია, ვინაიდან იგი გარდა იმისა, რომ მხოლოდ ერთ პარტიაზე არის შეგნებულად მორგებული, ასევე, მნიშვნელოვნად ამცირებს სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად საჭირო სტანდარტს და შეზღუდული სახელმწიფო რესურსის არამიზანშეწონილად გამოყენების რისკებს ზრდის", - ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი