სამცხე–ჯავახეთი. 11 მარტს, 13 საათზე, სსიპ ”ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის” წარმომადგენლები ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი საგრანტო კონკურსისა და პროგრამული პრიორიტეტების პრეზენტაცია იყო.
”ჩვენი მიზანია რეგიონის ახალგაზრდებს საჭირო ინფორმაცია მივაწოდოთ, რათა სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების პროცესში გააცნობიერონ საკუთარი მნიშვნელობა და ამ კუთხით იაქტიურონ. მათ შეუძლიათ დაფინანსება მიიღონ იმ პროექტში, რომელსაც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ”,-განაცხადა ფონდის დირექტორმა ირაკლი ჟორჟოლიანმა.– ჩვენი ფონდი ერთადერთი ფონდია ქართულ რეალობაში, რომელიც თანხებს ახალგაზრდულ ორგანიზაციებზე გასცემს”.
”ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა” პირველი საგრანტო კონკურსი 2013 წლის თებერვალში გამოაცხადა. კონკურსი 27 თებერვალს დაიწყო და 19 მარტამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირებს შეუძლიათ.
მსგავსი შეხვედრები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში იმართება. ახალციხის შემდეგ სსიპ ”ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი” შეხვედრას ქუთაისსა და ზესტაფონში გამართავს.