თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოუწოდებენ თბილისი მერს, გაიაზროს პასუხისმგებლობა და დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები მეტროს თანამშრომლებთან. ამასთან დაკავშირებით, 4 ივნისს, ორგანიზაციებმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს.
„დღეს, 4 ივნისს დილის 06:00 საათიდან თბილისის მეტროპოლიტენის მუშაობა შეჩერდა. მეტროს თანამშრომელთა პროფესიულმა გაერთიანებამ, „ერთობა-2013"-მა გაფიცვა გუშინ, 3 ივნისს 15:00 საათზე დაიწყო. გაფიცვა მეტროს იმ თანამშრომლებმა დაიწყეს, რომლებსაც სასამართლოს განჩინებით გაფიცვის უფლება შეზღუდული არ ჰქონდათ, ასევე გაფიცვაში მონაწილეობდნენ ელ. მატარებლის ის მემანქანეები, რომლებიც იმყოფებოდნენ არასამუშაო რეჟიმში. დასვენების დროს გაფიცვის პარალელურად მეტროს მემანქანეები შიმშილობდნენ, რამაც გაართულა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შეუძლებელი გახადა მეტროს ფუნქციონირება", - ნათქვამია განცხადებაში, - „მივიჩნევთ, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტმა სრულად გაიაზროს მისი როლი და პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენებში და გადადგას ქმედითი ნაბიჯები მოლაპარაკებების დაწყების მიზნით, რაც დაეფუძნება ადამიანების უფლებების დაცვის მიდგომებსა და სოციალური დიალოგის პრინციპებს".
წყარო: http://www.osgf.ge