თბილისი. „მითების დეტექტორი" ვალერი კვარაცხელიას და იური მეჩითოვის განცხადებებს ეხმაურება.
24 მაისს, „საქართველო და მსოფლიოს" ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ტელეკომპანია „ობიექტივის" წამყვანისა და პარტია „ნეიტრალური/სოციალისტური საქართველოს" ლიდერის ვალერი კვარაცხელიას ინტერვიუ, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ საბჭოთა პერიოდში საქართველოში მეცნიერება, ხელოვნება და სპორტი ჰყვაოდა. იმავე ნარატივს გაზეთ „ასავალ-დასავალის” 14-20 მაისის ნომერში ფოტოხელოვანი იური მეჩითოვიც ახმოვანებს და აღნიშნავს, რომ საბჭოთა ეპოქამ „გენიალური ფილმები" და „სამეცნიერო სკოლები” შექმნა, რაც მონობაში ვერ გახდებოდა შესაძლებელი.
„მტკიცება, თითქოს ქართული ხელოვნების მიღწევები საბჭოთა კავშირის დამსახურებაა, მცდარია და საბჭოთა ნოსტალგიის გაღვივებას ემსახურება. სინამდვილეში, ხელოვნების შედევრები სწორედ საბჭოთა ხელისუფლების საპასუხოდ, ტოტალიტარული სისტემის მხილებისთვის იქმნებოდა. დღეს უკვე გენიალურად მიჩნეულ ხელოვნების ნიმუშებს საბჭოთა ხელისუფლება, მათი ავტორების მსგავსად, არ სცნობდა და დევნიდა. თითქმის 70 წლიანი ცენზურის პირობებში, არაერთ ხელოვანს საკუთარი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება სიცოცხლის ფასად დაუჯდა", ნათქვამია ბლოგპოსტში.
წყარო: mythdetector.ge