თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) სარჩელით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებების შედეგად, კერძოდ, ზვიად რატიანის პერსონალური მონაცემების გავრცელებით, მისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ვიდეოკადრების მედიისთვის გადაცემისა და მისი გავრცელების შემდგომ, ზვიად რატიანი მუდმივი საზოგადოებრივი წნეხისა და ყურადღების ქვეშ ცხოვრობს. საჯარო სივრცეში ყოფნისას, მისი მისამართით ხშირად ისმის ირონიული, დამცინავი შეძახილები, კომენტარები, გამუდმებული მზერა, რამაც მას თავისუფლად ცხოვრების შესაძლებლობა წაართვა. ვიდეოჩანაწერების გასაჯაროვების შემდეგ, მის მიმართ, სხვადასხვა დროს, ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და აგრესიას. აღნიშნულის შედეგად, ზვიად რატიანის ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, მას მოერღვა უსაფრთხოების განცდა და განუვითარდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. აღნიშნული მოვლენების შედეგად გამოწვეული საზოგადოების მუდმივი წნეხის ქვეშ ცხოვრება მისთვის გაუსაძლისი გახდა", - ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი