თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტს ეხმაურება.
„27 ივნისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ზუგდიდში მცხოვრებ 100 მოქალაქეს „გარანტიის სერთიფიკატი" გადასცეს. აღნიშნული სერტიფიკატების გადაცემა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალი პროექტის ფარგლებში მოხდა, რომლის სახელწოდებაა „ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ."
ა.წ. 29 მაისს ცნობილი გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალი ინიციატივის შესახებ, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პარტია გეგმავს „ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში საბანკო სექტორისგან დაზარალებულ მოსახლეობას ზიანი აუნაზღაუროს, ასევე, საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის ვალების გადახდაზე 2 წლიანი მორატორიუმი გამოაცხადოს.
პროექტის ფარგლებში პარტია მძიმე ეკონომიკურ და სამართლებრივ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს მათთან თანამშრომლობას სთავაზობს.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ ქმედებაში, სავარაუდოდ, იკვეთება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნების დარღვევა, პარტიის, მისი წარმომადგენლების მიერ აკრძალული საქმიანობის განხორციელებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის კუთხით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge