თბილისი. 17 მაისს დაზარალებული პირის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) პროკურატურას მიმართა.
„მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ დაიცვას ყველა მოქალაქე და უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციის, განსხვავებული შეხედულებების ან სხვა ნიშნისა. აქვე განვმარტავთ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, დაზარალებული არის პირი, რომელსაც ობიექტურად ყველაზე დიდი ინტერესი შეიძლება ჰქონდეს სამართალწარმოების შედეგების მიმართ. აქედან გამომდინარე, ნიკა გორგილაძე სათანადოდ უნდა იქნეს ჩართული როგორც გამოძიების, ისე სამართალწარმოების პროცესში.
მიგვაჩნია, რომ პროკურატურის უმოქმედობით ილახება ნიკა გორგილაძის კანონიერი ინტერესები. კერძოდ, მას არ აქვს საქმის მასალებსა და მიმდინარე თუ უკვე ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ინფორმაციაზე წვდომა. ამასთან, უცნობია დანაშაულის კვალიფიკაცია. შესაბამისად, მივმართეთ საქართველოს მთავარ პროკურატურას ნიკა გორგილაძისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასა და დანაშაულის სწორი კვალიფიკაციით გამოძიების წარმართვასთან დაკავშირებით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge