თბილისი. 10 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა „ხელვაჩაურის კულტურის ცენტრს" შევიწროებით გამოხატული განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის რეკომენდაციით მიმართა.
„საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, „ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის" დირექტორის მოადგილემ განცხადებით მიმართა სახალხო დამცველს, სადაც აღნიშნავდა, რომ ცენტრის დირექტორი, იურისტი და ხელვაჩაურის გამგეობის მაღალი თანამდებობის პირები მის მიმართ განწყობილნი არიან არაკოლეგიალურად - უზღუდავენ უფლება-მოვალეობებს, ჩამოაშორეს შიდასამსახურეობრივ საქმიანობას და დისციპლინურ ღონისძიებებს მხოლოდ მის წინააღმდეგ ატარებენ. ასევე, არ აძლევენ პრემიას, ვინაიდან იგი საჯაროდ აკრიტიკებდა დირექტორისა და იურისტის კვალიფიკაციას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ააიპ „ხელვაჩაურის კულტურის ცენტრს" შეწყვიტოს შევიწროება და შრომითი ურთიერთობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით, ასევე ყველა დასაქმებულს შეუქმნას ადამიანის ღირსებისათვის შესაბამისი თანასწორი სამუშაო გარემო", ნათქვამია ომბუდსმენის ვებგვერდზე.
წყარო: ombudsman.ge