თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ბექა წიქარიშვილის პროცესს ეხმაურება.
„თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბექა წიქარიშვილის ადმინისტრაციული პროცესი გაიმართა. წიქარიშვილი პოლიციამ მიმდინარე წლის 12 მაისს, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით დააკავა. სასამართლომ, სამართალდარღვევის ფაქტის არარსებობის გამო, ბექა წიქარიშვილის მიმართ საქმის წარმოება შეწყვიტა პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ნაწილში, ხოლო წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში ის სამართალდამრღვევად ცნო.
გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მოსამართლემ განმარტა მიღებული გადაწყვეტილების მოტივაცია და აღნიშნა, რომ ბექა წიქარიშვილის მიერ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენა გამოიხატა მეგაფონის მეშვეობით განცხადებების გაკეთებაში, რამაც მოსამართლის შეფასებით, დაარღვია საზოგადოების სიმშვიდე. ამ დროისთვის, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ხელმისაწვდომი არ არის. თუმცა, ნათელია, რომ მოსამართლის მიერ გაკეთებული განმარტება წინააღმდეგობაშია როგორც წვრილმანი ხულიგნობის შინაარსთან, ასევე შეუთავსებელია მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების იდეასთანაც. სასამართლოს მსგავსმა მსჯელობამ, შეიძლება ხელი შეუწყოს შეკრების თავისუფლებაში თვითნებური ადმინისტრაციული დაკავებების გზით ჩარევის პრობლემის გაღრმავებას და გამოხატვის თავისუფლების ფორმების უკანონო შეზღუდვის საფუძველი შეიძლება გახდეს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge