თბილისი. 19 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა 2016-2017 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგის საბოლოო შედეგები წარადგინეს.
პრეზენტაცია ორგანიზაციების „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც როგორც სამთავრობო უწყების წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„მონიტორინგის შედეგების მიხედვით, არსებითად არ გაუმჯობესებულა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა, კვლავ აქტუალურია ბავშვთა სიკვდილიანობის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისათვის ხარისხიანი ზოგადი განათლების მიწოდება, განსაკუთრებით კი სოფლებში და მაღალმთიან რეგიონებში, ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის იდენტიფიცირების, რეაგირებისა და ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის საკითხები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში