თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ნეგატიურად აფასებს ტელეკომპანია „იბერიის" მაუწყებლობის შეწყვეტის ფაქტს და სოლიდარობას უცხადებს ჟურნალისტებს.
„ტელევიზიის ეთერი 16 ოქტომბერს ფინანსური პრობლემების გამო გაითიშა და ეკრანზე მხოლოდ წარწერა „ხელისუფლებამ დახურა იბერია!!!” ჩანს.
მიუღებელია, რომ ხელისუფლებასა და "ომეგა ჯგუფს” შორის მიმდინარე დავის შედეგად ტელეკომპანიამ, რომლის მთავარი დამფინანსებელი "ომეგა ჯგუფია”, მაუწყებლობა შეაჩერა. სამწუხაროა, რომ მსგავსი დავების გამო ჟურნალისტებს პრობლემები ექმნებათ, რაც ნეგატიურად მოქმედებს მათ სამუშაო პირობებზე. ტელეკომპანიის მაუწყებლობის შეწყვეტა უარყოფითად აისახება მედია გარემოსა და წინასაარჩევნო პერიოდზე საქართველოში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
ორგანიზაცია მხარდაჭერას უცხადებს ტელეკომპანია „იბერიის" თანამშრომლებს და მზად არის, მათი სურვილის შემთხვევაში, უფასო იურიდიული კონსულტაცია და დახმარება გაუწიოს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში