თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აცხადებს, რომ საქართველოს პროკურატურა არ ასაჯაროებს ინფორმაციას, სისტემაში მიმდინარე რეორგანიზაციის შესახებ.
„EMC-იმ, პროცესის მონიტორინგის მიზნით, მიმდინარე წლის 12 სექტემბერს, განცხადებით მიმართა საქართველოს პროკურატურას და გამოითხოვა რეორგანიზაციასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია... უწყებამ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, არ მოგვაწოდა აღნიშნული ინფორმაცია. EMC-იმ, მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს, განმეორებით მიმართა საქართველოს პროკურატურას გამოთხოვილი ინფორმაციის შემჭიდროვებულ ვადაში მოწოდების შესახებ. თუმცა, რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებულ ინფორმაციას პროკურატურა ამ დრომდე არ ასაჯაროებს", - აღნიშნულია EMC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, - „დახურულ კარს მიღმა მასშტაბური საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების განხორცილება აზიანებს რეორგანიზაციის პროცესის სანდოობას როგორც სისტემის შიგნით, ასევე გარეთ. EMC მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურორს, უზრუნველყოს პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა და დაინტერესებული ჯგუფებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაცია".
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი