თბილისი. სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!" საქართველოს ექსპრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2018 წლის 4 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
„პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მოვუწოდებთ მას, ისევე როგორც სხვა პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან და მეტიც, აქტიურად შეუწყონ ხელი თანასწორობაზე, ტოლერანტობასადა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკური იდეების დამკვიდრებას საზოგადოებაში", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში, - „მიგვაჩნია, რომ აღნიშნული განცხადება წარმოადგენს ეთნიკური და სოციალური/კლასობრივი ნიშნით პირთა დისკრიმინაციის წახალისებას და აფრიკის და აზიის ქვეყნებიდან მიგრანტების, როგორც ისედაც მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მარგინალიზაციას აღრმავებს. ამგვარი განცხადებები უარყოფით გავლენას ახდენს თანასწორობაზე, საზოგადოებრივ კონსოლიდაციაზე დაფუძნებული პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებაზე და ხელს უწყობს ქსენოფობიური განწყობების გაძლიერებას და პოლიტიზირებას ჩვენს საზოგადოებაში".
წყარო: www.osgf.ge