თბილისი. 2018 წლის 1 მაისიდან, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი"(EMC) პარტნიორ ორგანიზაციებთან, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან" (IDFI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან" (CRRC) ერთად ახორციელებს პროექტს „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა”. CRRC საქართველო პროექტის ფარგლებში ატარებს მოსახლეობის საბაზისო გამოკითხვას, სატელეფონო გამოკითხვების ოთხ ტალღას, სასამართლოების გაშუქების მონიტორინგს მედიაში და თვისებრივ კვლევას მოსამართლის როლზე პროფესიულ ჯგუფებთან.
მოსახლეობის საბაზისო გამოკითხვა სასამართლო სისტემის შესახებ ცოდნასა და დამოკიდებულებაზე 2018 წლის სექტემბერში ჩატარდა.
კვლევის ძირითადი მიგნებების თანახმად: საქართველოს მოსახლეობა სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებს ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ნაკლებად მიიჩნევს და პირველ რიგში ასეთ საკითხად სიღარიბესა და უმუშევრობას ასახელებს. თუმცა, ქვეყანაში თითქმის ნახევარს აინტერსებს ის, რაც საქართველოს სასამართლოებში ხდება. მიუხედავად ამისა, შეინიშნება, რომ საქართველოს მოსახლეობა ნაკლებად ინფორმირებულია სასამართლო სისტემის, მასში მიმდინარე პროცესებისა და რეფორმების შესახებ. ხშირ შემთხვევაში მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის, როგორია უფლებამოსილებების იერარქია ან ის, თუ რა მიზანს ემსახურება სასამართლოში მიმდინარე რეფორმები.
წყარო: crrc.ge