თბილისი. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) მიიჩნევს, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილება ლახავს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული მოხელეების უფლებებს.
„IDFI უარყოფითად აფასებს ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილების პროექტს და მიიჩნევს, რომ ის საფრთხის წინაშე აყენებს საჯარო მმართველობის რეფორმას", - ვკითხულობთ IDFI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, - „IDFI მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს მხარი არ დაუჭიროს შემოთავაზებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, ხოლო კანონპროექტის ავტორებს მოუწოდებს გაიწვიონ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილების პროექტი, რადგან ინიცირებული ცვლილება ლახავს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული საჯარო მოხელეების უფლებებს, რისკის ქვეშ აყენებს საქართველოში ეფექტური, მდგრადი და პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სექტორის ჩამოყალიბებას და მთლიანობაში საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებით განხორციელებას".
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი