იმერეთი. 21 მარტს ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე საინფორმაციო კამპანიით აღნიშნა. სპეციალურად ამ დღისთვის ახალგაზრდულმა ცენტრმა ვიდეო რგოლი და ბროშურები მოამზადა და ქალაქის ცენტრალურ უბნებში მსვლელობა მოეწყო. აქცია მიზნად ისახავდა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის სოლიდარობის გამოცხადებას და საზოგადოების ინფორმირებას. ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა მოსახლეობას ბროშურები და ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი - საქართველოს" მიერ გამოცემული კალენდრები დაურიგეს. ისინი ქუჩაში გამვლელებს უხსნიდნენ თუ რა არის დაუნის სინდრომი, რომ იგი დაავადება არ არის და უნდა მოხდეს დაუნის სინდრომის მატარებელი ადამიანების დაცვა და უზრუნველყოფილ იქნას მათი მონაწილეობა საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებში.
ღონისძიებები ორგანიზებული იქნა „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების" პროექტის (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში