თბილისი. „კოალიცია თანასწორობისთვის" დამოუკიდებელ ინსპექტორს სერგო მეთოფიშვილის მხრიდან დისკრიმინაციული და სტიგმის გამაძლიერებელი მოსაზრების გამოხატვის საკითხის შესწავლისკენ მოუწოდებს.
„სერგო მეთოფიშვილმა სოციალურ ქსელ Facebook-ში კამპანია „მინდა ვენდო სასამართლოს" ვიდეორგოლზე საუბრისას ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირები დისკრიმინაციულ კონტექსტში მოიხსენია. მან ფსიქოსოციალური საჭიროება გაათანაბრა ისეთ უარყოფით ადამიანურ თვისებასთან, როგორიც ტყუილია და ამით ხელი შეუწყო ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირების უარყოფით კონტექსტში წარმოჩენას. კოალიცია მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის მიერ გაკეთებული შეფასება უკიდურესად შემაშფოთებელია, რადგან აღრმავებს ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირების მიმართ საზოგადოებაში არსებულ სტიგმას და ახალისებს არაეთიკურ, ხშირად, სასტიკ დამოკიდებულებას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების მიმართ", ნათქვამია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge