თბილისი. 11 მარტს, ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ადამიანის უფლებათა ცენტრი წარმოადგენს ანგარიშს - „მავთულხლართების ზონა - ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებზე".
„ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში, ძირითადად, ეყრდნობა ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოქალაქეებისგან მიღებულ ინფორმაციას. კვლევის მიმდინარეობისას ორგანიზაციამ განახორციელა 8 ვიზიტი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებთან განლაგებულ 27 სოფელში.
აფხაზეთის გამყოფ ხაზზე დაკავებულთა რაოდენობა საგანგაშოა. რუსეთის ფედერაციის საზღვრის დაცვის სამსახურის მონაცემებით, დაკავებულთა რაოდენობა 2009-2016 წლებში 14 000-ს ადამიანს შეადგენდა.
გალში მცხოვრები მოსახლეობისათვის პრობლემურია სათანადო დოკუმენტაციის მიღება, რაც მათ უზღუდავს გამყოფ ხაზზე თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობას. აღნიშნული შეზღუდვები წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც დეტალურად არის განხილული ანგარიშში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.humanrights.ge