თბილისი. ადამიანის უფლებათა ცენტრი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის, ეკატერინე ქვლივიძის სამართლებრივ ინტერესებს. „სამხედრო მფრინავი იძულებული გახდა, შეეწყვიტა კონტრაქტი და დაეტოვებინა თავდაცვის სამინისტრო. ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, სამინისტრომ სარჩელით მიმართა საქალაქო სასამართლოს და ყოფილი თანამშრომლისთვის ჯარიმის სახით 28 000 ლარის დაკისრება მოითხოვა.
თავდაცვის სამინისტრო ყოფილ თანამშრომელს კონტრაქტის პირობების შეწყვეტაში ადანაშაულებს, მაშინ, როდესაც თავად სამინისტროს არ შეუსრულებია კონტრაქტის პირობები, კერძოდ - გადასახდელი აქვს 3 წლის სახელფასო დანამატი.
ადამიანის უფლებათა ცენტრი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, რეაგირება მოახდინოს ეკატერინე ქვლივიძის უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე და ჩაატაროს შიდა მოკვლევა, ხელმძღვანელი პირების მხრიდან ადგილი ხომ არ ჰქონდა სამსახურებრივ შევიწროებას და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში