თბილისი. მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს.
„1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა, ამ დღეს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას გაატაროს სათანადო ღონისძიებები შრომითი უფლებების სფეროში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად", - ვკითხულობთ განცხადებაში, - „განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა და დაშავებულთა მზარდი სტატისტიკა. 2018 წელს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად, დაიღუპა 59 და დაშავდა 199 ადამიანი... არ ტარდება სათანადო ღონისძიებები დაქირავებულთა ჯანმრთელობაზე, მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე, პირველადი სამედიცინო დახმარების სწავლებაზე ზრუნვისთვის. არ არის დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები... შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების მონიტორინგმა აჩვენა, რომ, ხშირ შემთხვევაში, სამუშაო დროის ხანგრძლივობა შეუსაბამოა ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებთან; ირღვევა შვებულების გაცემის წესი, ანაზღაურების გაცემის წესი... თანასწორობის პრინციპების დაცვის მიმართულებით, შრომის უფლებები განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფების - ქალებისა და შშმ პირების მიმართ ირღვევა... სახალხო დამცველი თავისი მანდატის ფარგლებში აგრძელებს ქვეყანაში შრომითი უფლებების დაცვის მდგომარეობის შესწავლას და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას არსებული ვითარების გამოსასწორებლად".
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)