თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), რომელიც მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილის, 26 ივლისს დაკავებული მორის მაჩალიკაშვილის ინტერესებს იცავს, განცხადებას ავრცელებს.
„ამ ეტაპზე საგამოძიებო ორგანოს მიერ წარმოდგენილი საქმის მასალები ვერ ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს იმის თაობაზე, რომ მორის მაჩალიკაშვილმა განახორციელა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, მით უფრო ადგილზე მყოფ პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმა ან რაიმე სხვა ძალადობრივი ქმედება. 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართული აქციის დროს მიმდინარე მოვლენები პროკურატურის მხრიდან დეტალურ ფაქტობრივ და სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს. პროკურატურამ მკაფიოდ უნდა გამიჯნოს აქციის მონაწილეების ნაწილის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქცევა, შეკრების იმ მონაწილეების ქცევისგან, რომლებიც პოლიციასა და აგრესიულ აქციის მონაწილეების ნაწილს შორის მომხდარ დაძაბულობასა და ჭყლეტაში მოჰყვა და სპონტანური ქცევა და თვითგადარჩენის მდგომარეობაში ყოფნა უწევდა. ამ მოცემულობას, მათ შორის, ქმნიდა პოლიციის მიერ მასების მართვისთვის გამოყენებული არასათანადო სტრატეგია, რომელიც აქციის მონაწილეებს საკუთარი ქცევის სათანადო კონტროლის შესაძლებლობას უკარგავდა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)