სამცხე-ჯავახეთი. სამოქალაქო საზოგადოება ,,ყველა ყველასათვის" და ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის ,,მწვანე სახლის" ერთობლივი ძალებითა და ინიციატივით, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეზღუდული შასაძლებლობის მქონე ათამდე ბავშვის ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიხსნა. ნამუშევრები დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ორი კვირის განმავლობაში დარჩება.
გამოფენაზე ახალციხის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეების, დღის ცენტრ, ,,ტალიტა კუმის” წარმომადგენლებისა და ცერებრალური დამბლითა და აუტიზმით დაავადებული ბავშვების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.
,,ჩვენ მოვიძიეთ ამ ბავშვების ნამუშევრები და მათ გამოფენა მოვუწყეთ. ჩვენი მთავარი მიზანია, საზოგადოებას დავანახოთ, რომ ისინი სამყაროს ნაწილი არიან და ჩვენი თანადგომა სჭირდებათ",- განმარტა სამოქალაქო საზოგადოება ,,ყველა ყველასათვის" აღმასრულებელმა დირექტორმა შორენა გაბოშვილმა.