თბილისი. ნამახვანის ჰესების კასკადის ექსპლუატაციის პირობების ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართული საჯარო განხილვის გამო, საია და EMC განცხადებას ავრცელებენ.
„სამინისტრომ 20 დეკემბერს გამართული საჯარო განხილვისას, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა, უხეშად დაარღვია საქართველოს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსისა[1] და ორჰუსის კონვენციის[2] მოთხოვნები. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრაზე იყვნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრების მოადგილეები, მათი თანდასწრებით დაირღვა საჯარო განხილვის მოწყობის წესი. კერძოდ, ხელოვნური დაბრკოლებები შეექმნათ განხილვაზე დასწრებით დაინტერესებულ პირებს, დამსწრეებს კითხვების დასმის შესაძლებლობა არ მიეცათ, შეხვედრაზე პასუხები არ გაეცა კრიტიკულ კითხვებს“, - აღნიშნულია განცხადებაში, - „მოვითხოვთ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ: გააუქმოს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მოთხოვნების უხეში დარღვევებით ჩატარებული საჯარო განხილვა; ჩანიშნოს საჯარო განხილვის ახალი თარიღი; გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად, უზრუნველყოს საჯარო განხილვების ჩატარება ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომ საჯარო სივრცეებში; გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსისა და ორჰუსის კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოს პროექტების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული პირების გადაწყვეტილების მიღების პროცესში სათანადო ჩართულობა“.
წყარო: https://gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)