თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს თორნიკე გერლიანის სტატიას „საარჩევნო სისტემის რეფორმა: ოპოზიციის კანონპროექტი და კონსტიტუციასთან მისი შესაბამისობის საკითხი“. სტატია ეხება საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის პასუხად, ეუთო/ODIHR-ის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული საარჩევნო რეფორმის (ე.წ. გერმანული მოდელი) შესახებ.
„ODIHR-ის დასკვნაში დასაწყისშივე აღნიშნულია, რომ „კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ადგილობრივმა სასამართლოებმა უნდა მიიღონ. ეს მოსაზრება მიმოიხილავს შემოთავაზებულ ცვლილებებს და აანალიზებს მათ რელევანტურ საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებთან მიმართებაში…“ ამასთან, როგორც ოდირი მიუთითებს, „ყველა შემოთავაზებული ცვლილება ფრთხილად უნდა იყოს განხილული და პოლიტიკურ პარტიებს შორის ფართო კონსენსუსის საფუძველზე მიღებული.“ დასკვნაში მიმოხილულია კანონპროექტის შესაბამისობა საერთაშორისოდ აღიარებულ, დემოკრატიულ მიდგომებთან და პრინციპებთან. ამ ნაწილში ოდირი მიუთითებს, რომ „შემოთავაზებული პაკეტი არ გვთავაზობს ისეთ ცვლილებებს საარჩევნო წესში, რომელიც გავლენას მოახდენდა უნივერსალური, თავისუფალი, საიდუმლო და პირდაპირი ხმის უფლების პრინციპებთან შესაბამისობის საკითხზე.“ ამდენად, დასკვნა არ ეხება შემოთავაზებული პროექტის კონსტიტუციურობის საკითხს, თუმცა მიუთითებს მის შესაბამისობაზე საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებთან“, - ვკითხულობთ სტატიაში, - „მიუხედავად იმისა, რომ ODIHR-ის დასკვნაში არ არის შეფასებული კანონპროექტის კონსტიტუციურობის საკითხი, მნიშვნელოვანია ამ საკითხის თეორიული შეფასება, რათა არ მოხდეს მარგინალიზება იმ იდეის, რომლის მეშვეობითაც, შესაძლოა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სამართლიანი და საზოგადოების ფართო კონსენსუსზე დაფუძნებული საარჩევნო სისტემის ფარგლებში ჩატარდეს”.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)