თბილისი. ღია საზოგადოების ფონდი, Covid-19-ის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის უწყებების მუშაობას განცხადებით ეხმიანება.
„განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავთ ექიმების, ექთნების, მთელი სამედიცინო პერსონალის და მესაზღვრეების მიმართ, რომლებიც უდიდესი პასუხისმგებლობით და ძალისხმევით ეკიდებიან დაავადების გამოვლენას, პაციენტების მკურნალობასა და მათზე ზრუნვას.
მადლობას ვუხდით საქართველოს ჯანდაცვის უწყებებს, განსაკუთრებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებს ამირან გამყრელიძეს და პაატა იმნაძეს და ყველა თანამშრომელს, რომელთა პროფესიონალიზმის დამსახურებით დაავადების გავრცელების პრევენციის ურთულესი პროცესი კოორდინირებულად მიმდინარეობს. სასიხარულოა, რომ მათმა საქმიანობამ საერთაშორისო აღიარება და დადებითი შეფასება მიიიღო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგანაც.
ამ მეტად კრიზისულ ეტაპზე ფასდაუდებელი აღმოჩნდა ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის როლი, რომელიც რამდენიმე საათში ადგენს ინფიცირების შემთხვევებს. ოპერატიულობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ვირუსის გავრცელების პრევენციისა და ჩვენი მოსახლეობის დასაცავად.
დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეები განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს, გაუფრთხილდებიან საკუთარ თავს და გარშემომყოფთ, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელების ყოველი ახალი შემთხვევა და მისით გამოწვეული შედეგები“, - ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: https://osgf.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)