თბილისი. 13 ივლისს, პროექტის - „ახალგაზრდული მოხალისეობა COVID 19-ის პანდემიის საპასუხოდ საქართველოში“ - ონლაინ-პრეზენტაცია გაიმართა. მასშტაბურ მოხალისეობრივ პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდი“ გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF Georgia მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის პარტნიორია ახალგაზრდობის სააგენტო.
„ონლაინ-პრეზენტაციაზე, პროექტით დაინტერესებულ საზოგადოებას, მონაწილეობის მსურველ მოზარდებსა და ახალგაზრდებს შეხვდნენ:
ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში;
ნინა ფერენჩიჩი, გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისი, მრჩეველი მოზარდების ჯანმრთელობის, განვითარების და მონაწილეობის, ასევე აივ/შიდსის საკითხებში;
რევაზ ჩარკვიანი - ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი;
თინათინ მესხი - არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდ-ის“ აღმასრულებელი დირექტორი.
პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგება და მთელი ქვეყნის მასშტაბით საწყის ეტაპზე 150-ზე მეტ მოხალისეს გააერთიანებს, რომლებიც მიიღებენ პროფესიულ გამოცდილებას და ცოდნას, გამოიმუშავებენ საჭირო უნარ-ჩვევებს, გაიჩენენ ახალ მეგობრებს და რაც მთავარია, შეძლებენ თავიანთ თემში სასარგებლო მოხალისეობრივი აქტივობების დაგეგმვას და სხვების დახმარებას. პროექტის ფარგლებში შექმნილი პლატფორმა youthvolunteering.ge საშუალებას მისცემს საქართველოში მცხოვრებ ყველა მოზარდსა და ახალგაზრდას ჩაერთონ მოხალისეობრივ საქმიანობაში და მიიღონ კონსულტაციები, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ექსპერტებისაგან მოხალისეობის საკითხებში“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)