სამეგრელო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" პოლიტიკური პარტიების ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია 18 აპრილს, ზუგდიდში გამართა. საანგარიშო პერიოდი 2011 წლის 1 ნომებრიდან 2012 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდს მოიცავს. „გამჭვირვალობის" საპარლამენტო და საარჩევნო პროექტების ხელმძღვანელმა ლევან ნატროშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებისა, რომლის მიხედვით პარტიებს იურიდიული პირისგან შემოწირულების მიღება აეკრძალათ ბიზნესსა და პოლიტიკას შორის კავშირების შესუსტების მიზნით, შემომწირველების დიდ ნაწილს ამა თუ იმ ფორმით სწორედ ბიზნესთან აღმოაჩნდა შეხება. „ნაციონალების" შემომწირველების 40% ასეთი მოქალაქე იყო, „ქართული ოცნების" შემთხვევაში კი 24%. მისივე თქმით, შემომწირველებებს შორის იყვნენ ადამიანები, რომლებიც პარალელურად სოციალურად დაუცველთა ბაზაში ფიქსირდებოდნენ. ამ მიზეზით, ნატროშვილი ამბობს, რომ გაუგებარია, თუ პირი თავად ითხოვდა სახელმწიფოსგან დახმარებას, ათეულ ათასობით თანხა პარტიას რა მიზეზით შესწირა. ანგარიშში მოხვდა სამეგრელოში „ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო შეკრების მიზეზით მიკროავტობუსებისთვის თავდაცვის სამინისტროს მარაგიდან საწვავის გამოყოფის ფაქტიც.
„გამჭვირვალობის" წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აუდიტის სამსახურმა არჩევნების შემდეგ ფაქტობრივად შეაჩერა მუშაობა, რის გამოც წინასაარჩევნო პერიოდის მანძილზე გამოვლენილი დარღვევების შესახებ ეჭვები და კითხვის ნიშნები დღემდე არსებობს.