თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) განცხადებას ავრცელებს.
„ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა“ და ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“ სარჩელების საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ დღეს მოქმედი კანონის მე-5 მუხლისა და მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტების სრული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას. საკონსტიტუციო სასამართლოს თანახმად, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს ღია, თუ არ არის მისი ხელმისაწვდომობის შეზღუდვის დასაბუთებული საჭიროება. სასამართლომ სადავო ნორმები ძალადაკარგულად ცნო 2020 წლის პირველი მაისიდან და პარლამენტს მისცა ვადა საკითხის კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად მოსაწესრიგებლად, თუმცა პარლამენტს დადგენილ ვადაში საკანონმდებლო ცვლილება არ მიუღია“, - აღნიშნულია განცხადებაში, - „IDFI მოუწოდებს საერთო სასამართლოებს უზრუნველყონ გადაწყვეტილებების სრული ტექსტის საჯაროობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ასევე მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს დროულად უზრუნველყოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)