თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს, რომელიც 21 ნოემბერს იმართება, 17 მაჟორიტარულ ოლქში 35 მობილური ჯგუფის საშუალებით დააკვირდება. ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია მეორე ტურზე ლიმიტირებული იქნება.
„როგორც ცნობილია, ოპოზიციურმა პარტიებმა უარი განაცხადეს მეორე ტურში მონაწილეობაზე. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსი არჩევნების მეორე ტურში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატურის მოხსნის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს და საარჩევნო ბიულეტენში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი იქნება მოცემული, ოპოზიციური პარტიების მიერ პარლამენტის ბოიკოტი და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმა მნიშვნელოვნად აზრს უკარგავს საარჩევნო უბნებზე არჩევნების პროცესის დაკვირვებას. ამასთან, კოვიდ-ინფექციით ინფიცირებულთა მზარდი სტატისტიკის ფონზე ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი პრობლემების გათვალისწინებით, დამკვირვებელთა მთელი დღის მანძილზე საარჩევნო უბანზე ყოფნა მათ ჯანმრთელობას გაუმართლებელ რისკებს უქმნის“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: isfed.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)