თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) პოლიციელის პროფესიულ დღეს განცხადებით ეხმაურება.
„სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წელზე მეტი დროის გასვლის მიუხედავად, სახელმწიფომ ვერ შექმნა დეპოლიტიზირებული, თემზე ორიენტირებული და მაღალი ნდობის მქონე სამართალდამცავი სისტემა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის, მშვიდობიანი და ინკლუზიური სოციალური გარემოს შენების, დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერის მნიშვნელოვანი საფუძველს შექმნიდა.
სხვადასხვა პერიოდში პოლიციის სისტემაში გატარებული რეფორმები მეტწილად გამოირჩეოდა ფრაგმენტულობით და ზედაპირულობით. სისტემაში განხორციელებული ინსტიტუციური ცვლილებები ხშირ შემთხვევაში გარეგნული და მოჩვენებითი იყო, ნაცვლად ძირეული რეფორმირებისა და დემოკრატიული და ეფექტიანი საპოლიციო სისტემის შენებისა. შედეგად, სამართალდამცავ ორგანოებში გატარებული არაერთი რეფორმის მიუხედავად, დღესაც პოლიცია არსებითად ვერ არის პოლიტიკურად ნეიტრალური, მაღალი ანგარიშვალდებულებისა და საზოგადოებრივი ნდობის მქონე ინსტიტუცია“, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)