იმერეთი. გავრცელებული ინფორმაციით, უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ჭიათურის სოფელ ითხვისში თავი იჩინა საცხოვრებელი სახლების დაზიანების ახალმა შემთხვევებმა.
წინასწარი ინფორმაციით აღდგენასა და შეკეთებას აღარ ექვემდებარება უკვე 12 საცხოვრებელი სახლი და დაზარალებულია 11 ოჯახი, რომელთაგან 7, ჭიათურის მერიის ინფორმაციით, საცხოვრებლით უზრუნველყოფას საჭიროებს.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მოითხოვენ:
მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ დაუყოვნებლივ შეისწავლოს ითხვისის ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ „ჯორჯიან მანგანეზის” ლიცენზიის ფარგლებში მიმდინარე მოპოვებითი სამუშაოები;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეისწავლოს გარემოსთვის მიყენებული ზიანი და ადამიანების სიცოცხლისთვის შექმნილი საფრთხე;
ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ შეაფასოს მაღაროს მდგომარეობა მომავალში საფრთხის თავიდან არიდების მიზნით;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების და ჯანდაცვისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებმა დაიწყონ კოორდინირებული მუშაობა განსახლების ღირსეული და საერთო სტანდარტის შემუშავებისთვის.
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმაშეასრულოს კანონით გათვალისწინებული, დროული და ქმედითი საზედამხედველო ფუნქცია.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)