სამეგრელო. ახლადდაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცავთა დაცვის ლიგა" 20 მაისს, ზუგდიდში 1 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების შემდეგ გათავისუფლებულ პოლიციელებს შეხვდა და მათ უფასო საადვოკატო მომსახურების გაწევა შესთავაზა.
სამართალდამცავთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსნებმა დააფუძნეს. მისი ხელმძღვანელი შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ლევან გვაზავაა. „სამართალდამცავთა დაცვის ლიგის" სამეგრელოს რეგიონის წარმომადგენლად ბახვა ჩიქობავა წარადგინეს, რომელიც შსს–ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს ყოფილი უფროსია.პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ მათ მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას დონორი არ ჰყავს და ისინი რეგიონებში ოფისებს საკუთარი სახსრებით ხსნიან.