აჭარა. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) განცხადებით, შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული საკრებულოს მაჟორიტარი წევრის უფლებამოსილების ცნობის წესის ცვლილება ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილი პოლიტიკური ჩიხის „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გადაწყვეტას ემსახურება.
ორგანიზაციის ცნობით, საქართველოს პარლამენტში მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ ინიცირებულია საკანონმდებლო ცვლილებები „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა“ და „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“, რომელთა მიხედვით, ექსკლუზიურად იცვლება შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული მაჟორიტარი საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის წესი. კერძოდ, შუალედურ არჩევნებზე გამარჯვებული საკრებულოს მაჟორიტარი წევრის უფლებამოსილება არა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ცნობის, არამედ შესაბამისი შემაჯამებელი ოქმის ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნების საფუძველზე იქნება შესაძლებელი.
„წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა უნდა შეფასდეს, როგორც პარლამენტის პოლიტიკური მიზნებით უხეშად ჩარევა ერთი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობაში, რაც ეწინააღმდეგება ეფექტიანი თვითმმართველობის იდეას, ადგილობრივ დონეზე კონსესუსზე დაფუძნებული პოლიტიკის შექმნას და პლურალისტური დემოკრატიის ჩამოყალიბებას.
მოვუწოდებთ მმართველ პარტიას საკანონდებლო ჩარევის ნაცვლად, ძალისხმევა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ მიმართოს და დემოკრატიული პროცესების ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს“, ნათქვამია ISFED-ის განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)