თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმოებაში არსებულ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სახელმწიფოს ზიანის ანაზღაურება დააკისრა.
„კერძოდ, სამივე ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალის დედას, რომლის თვითმკვლელობამდე მიყვანაც სახელმწიფომ თავიდან ვერ აიცილა, აუნაზღაუროს მორალური ზიანი.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უკიდურესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან, როგორც ფემიციდის სხვა ფორმების (როგორიც არის განზრახ მკვლელობა) შემთხვევაში, თვითმკვლელობამდე მიყვანის დროსაც სახელმწიფო ორგანოებს უნდა ეკისრებოდეთ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, როცა მათ იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ მსხვერპლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკი და არ დაიცვეს იგი მათ ხელთ არსებული საშუალებებით. საქმე არის საქართველოსთვის პრეცედენტული, როდესაც აღნიშნულ საკითხს სასამართლო თვითმკვლელობამდე მიყვანის თავიდან აცილების კონტექსტში მიმოიხილავს (წარსულში საიამ მსგავსი საქმეები განზრახ მკვლელობის, როგორც ფემიციდის ფორმის, შესახებ აწარმოა)“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)